ვინ და რა მიზნით შემოიტანა საქართველოში სამი ქვეყნის გავლით, ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა – სუს-ში აღძრული საქმე საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა.
იმის გამო, რომ საშიში მოწყობილობების და ნივთიერებების მოძრაობის ორგანიზატორად უკრაინის მოქალაქე და პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი ანდრეი შარაშიძე დასახელდა, საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა დაიწყო უკრაინის საელჩომაც. სწორედ საელჩოს განცხადებამ გამოიწვია ვნებათაღელვა პოლიტიკურ სპექტრში. საქმის პოლიტიზირებისგან თავშეკავების თხოვნა მმართველი გუნდის წევრებისთვის გაუგებარია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გასაჯაროებული მასალები ხელისუფლებას აფიქრებს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ. ამ კონტექსტში დღეს უკრაინელი მაღალჩინოსნების ძველი განცხადებებიც გაიხსენეს.
„ქართული ოცნებისგან“ გასხვავებით, გამოძიების მიმართ კითხვები აქვს ოპოზიციას. სუს-ს გახმაურებულ საქმეზე დღეს აღარაფერი უთქვამს. საგამოძიებო მასალებიდან ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველოში ფარულად ჩამოტანილი და მასშტაბურ ზარალზე გათვლილი ასაფეთქებელი მოწყობილობების ნაწილი რუსეთში უნდა გაეტანათ.