საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადებაში. „ჩვენთვის ფუნდამენტურად ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება. მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 38 უნივერსიტეტი აწერს ხელს. მათ შორის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სხვები.