15 მაისის რეზონანსული მიმართვის ასევე რეზონანსული გაგრძელება.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლას გამოხმაურება ტალინშიც მოჰყვა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ესტონეთის პრემიერს ესტონელმა დეპუტატმა ქვეყნის პირველი დიპლომატის ქცევის შეფასება სთხოვა და დაინტერესდა, იყო თუ არა სხვა ქვეყნის მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე მარგუს ცაჰნას გამოსვლა და აქციის მონაწილეებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება ესტონეთის მთავრობასთან შეთანხმებული. ფაქტია, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საქციელმა ესტონეთის პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კანონმდებლების ნაწილი ანტისამთავრობო აქციაში სხვა ქვეყნის პირველი დიპლომატის მონაწილეობას და სიტყვით მიმართვას სწორ ნაბიჯად არ მიიჩნევენ და მას უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევად აფასებენ. საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესები და კანონის გარშემო ვნებათაღელვა ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატების თემა იყო. გაკეთდა არაერთგვაროვანი განცხადებები. რეზონანსული კანონის საჭიროების გარშემო ესტონელი დეპუტატების პოზიციები გაყოფილია.