საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

თბილისი ვაშინგტონიდან მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის და ამერიკის თავდაცვის მდივნის შეხვედრა მნიშვნელოვანი გზავნილებით დასრულდა. ქვეყანას სამხედრო შესაძლებლობების მარტივად მოთხოვნის და შეძენის საშუალება ექნება – ეს არის მთავარი აქცენტი ლოიდ ოსტინის განცხადებიდან. პენტაგონში გამართული აუდიენციის დროს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს ევროპული პერსპექტივაც. აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოზიციაა, რომ საქართველომ დასავლეთთან კავშირები გააღრმავა. ვაშინგტონიდან მიღებულ სწორედ ამ ორ მთავარ გზავნილს უპირისპირებს მმართველი გუნდი იმ ოპონენტებს, რომლებიც ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ. უკრაინის ომის გამო გაუარესებული უსაფრთხოების და ლოიდ ოსტინის ახალი განცხადებების ფონზე, ოფიციალური თბილისი სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის დინამიკის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდება. სკეპტიციზმი მაინც იკვეთება ოპოზიციის ნაწილში, რომელიც ფიქრობს, რომ თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ხელისუფლება საკმარის ნაბიჯებს არ დგამს.