საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის ელჩს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა 30-მილიონიანი დახმარების პაკეტი იყო, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში დაამტკიცა. დახმარების მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ შესაძლებლობების განვითარებაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას.
ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება გამიზნულია სამხედრო-საინჟინრო, მობილობის, მართვა და კონტროლის, კიბერთავდაცვისა და სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ასევე აღინიშნა, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს.