საქართველოს ახალი სატრანზიტო როლი, რომელსაც უკრაინის ომის გამო ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის ფონზე განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება.
საუბარია შავი ზღვის ელექტროსადენის პროექტზე, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ელექტროენერგიის რუმინეთისთვის და ევროპის სხვა ქვეყნებისთვის მიწოდებას გულისხმობს. სწორედ ეს პროექტი დაასახელა თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის ენერგეტიკული გეგმების ერთ-ერთ ცენტრად. შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის თითქმის 1 200 კილომეტრიანი ელექტროგადამცემი სადენის და პროექტის ეფექტურობის შესაფასებლად კვლევები უკვე დაწყებულია – მაშინ, როცა ევროპის ქვეყნები რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ალტერნატიულ გზებს და წყაროებს ეძებენ, საქართველოზე გამავალი ერთიანი ევროპული ენერგოქსელის და წყალქვეშა სადენის მნიშვნელობა იზრდება. სადენის მშენებლობის დაწყების თარიღი წინასწარი კვლევების დასრულების და შესაბამისი დასკვნის მომზადების შემდეგ უნდა გაირკვეს.