გამოცემა „ფაქტ-მეტრის“ კვლევა შიდა პოლიტიკური უთანხმოების ახალი თემა ხდება.
გამოცემა ხელისუფლების პოზიციას ამყარებს და წერს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა. „ფაქტ-მეტრი“ პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებების არ არსებობაზე მიუთითებს და ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მაჩვენებლებს ასახელებს. გამოცემა რუსეთის მიმართ ამოქმედებული სანქციების დარღვევად არა, თუმცა პრობლემად მიიჩნევს რუსეთთან საავიაციო მიმოსვლის აღდგენას. კვლევის შედეგებს სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელთა ბრალდებების გამო ორი წლის განმავლობაში მმართველ გუნდს არაერთი ახსნა-განმარტების გაკეთება დასჭირდა. „ფაქტ-მეტრის“ მიერ მოყვანილმა მაგალითებმა და ფაქტებმა მაინც ვერ შეცვალა იმ პარტიების პოზიცია, რომლებიც ხელისუფლებას რუსეთის მიმართ მოქმედი სანქციებისთვის გვერდის ავლაში პერმანენტულად ადანაშაულებენ.