საქართველოს პრემიერის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება. ირაკლი კობახიძე ხვალ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მანამდე კი, ასამბლეის ფორმატში სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის პანელურ დისკუსიებსა და ორმხრივ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
განხორციელებული რეფორმები, ქვეყანაში არსებული ვითარება და მშვიდობის უზრუნველყოფა – ეს არის საკითხები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრი გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან ისაუბრებს. ამასთან, ირაკლი კობახიძემ სიტყვით უკვე მიმართა მომავლის სამიტის მონაწილეებს, ის შეხვდა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშსაც. პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც დატოვა.