მწვავე პროტესტის და საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი მაინც იქნება მიღებული – ასეთია პრემიერის პოზიცია.
მმართველი გუნდის გეგმით, ორ კვირაში ინიციატივას მესამე მოსმენით განიხილავენ და დაამტკიცებენ, ერთ თვეში კი პრეზიდენტისგან მოსალოდნელ ვეტოს დაძლევენ. მთავრობის მეთაურის მთავარი არგუმენტია, რომ კანონპროექტი ქვეყანას რადიკალიზაციისგან დააზღვევს. რაც შეეხება პროტესტს, ირაკლი კობახიძე დღეს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივ ქმედებებს ელოდება. მთავრობის ხელმძღვანელი გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკისრებს. პრემიერის შეფასებით, ეს იყო მიტინგის ევროპული სტანდარტებით დაშლა, თუმცა არ უარყოფს, რომ სამართალდამცავების მხრიდან ცალკეულ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი. პრემიერ-მინისტრის პოზიციაა, რომ პარლამენტის შენობის პიკეტირების მცდელობის და პოლიციელებზე თავდასხმების შემდეგ საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რასაც პროპორციული ძალის გამოყენება მოჰყვა.