საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი

იტალია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს. დეპუტატ მატეო დალოსოს ორგანიზებით გამართული კონფერენცია მხოლოდ მისი პირადი ინიციატივაა, რომელიც იტალიის პოზიციას არ ასახავს, – ესაა პარტია „ფორცა იტალიას“ საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის და საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი დეპუტატის განცხადება, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. საუბარია ონლაინ კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელმა მიიღო. იტალიელი დეპუტატის ვალენტინო ვალენტინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იტალია არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დეფაქტო ხელმძღვანელებს და არც მათთან რაიმე სახის კონტაქტს მიიჩნევს მართებულად. განცხადება ასევე გაავრცელა დეპუტატთა პალატის პრესცენტრმა, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის სასახლეში ცალკეული დეპუტატის მიერ ორგანიზებული კონფერენცია არ იმართება, არც დეპუტატთა პალატის და არც მისი თავმჯდომარის ეგიდით და მხარდაჭერით; მსგავს ღონისძიებაზე პასუხისმგებელია თავად დეპუტატი. მომხდარ ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ დეპუტატ დალოსოს ამ ნაბიჯს ამჯერადაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება რომის მხრიდან. ეს დეპუტატი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტებითაა ცნობილი და აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა მათ წარმომადგენელთა პროვოკაციულ ქმედებებში.