საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე

ორი დღე საქართველო-თურქეთის მატჩამდე. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო თამაშისთვის მზადებას განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდი ხვალ 17 ივნისს დორტმუნდში, საქართველო-თურქეთის მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიისთვის, ვარჯიშის საწყისი, პირველი 15 წუთი ღია იქნება. ამასთან, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, მატჩისწინა პრესკონფერენციაც გაიმართება. გუშინ კი ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.