საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ევროკავშირში

ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისა და საქართველოს ორი მოქალაქის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს დე ფაქტო რეჟიმს ევროკავშირი.  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და მოლდოვას დელეგაციებმა. ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე შეუერთდნენ: იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ნორვეგია, უკრაინა, მოლდოვა და ანდორა. დელეგაციებმა შეშფოთება გამოხატეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და სამძიმარი გამოუცხადეს გარდაცვლილის ოჯახს.

ევროკავშირი მზადაა, მისი სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებებს და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  ფარგლებში.

ევროკავშირმა მოუწოდა ცხინვალში მოქმედ რეჟიმს, დაუყოვნებლივ გადასცენ ტატუნაშვილის ცხედარი თავის ოჯახს და უზრუნველყონ საქართველოს ორი მოქალაქის დაბრუნება თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

მომხდარზე ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს შეერთებული შტატებიც.