ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დამრღვევთა მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვენ.
ცხრათვიანი განხილვის შემდეგ წარმომადგენლობით პალატაში დამტკიცებულია საქართველოს ორპარტიული მხარდამჭერი აქტი, რომელსაც ოფიციალური თბილისი ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში უპრეცედენტო დოკუმენტად აფასებს.
საკანონმდებლო აქტის პროექტი საქართველოსთვის რამდენიმე მნიშვნელოვან გზავნილს მოიცავს. კონგრესმენები აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქართველოსთან თავდაცვის სფეროში კავშირები უფრო გააძლიერონ და მომავალი ხუთწლიანი თანამშრომლობის სტრატეგია გაწერონ.
ამერიკელი კანონმდებლები კიდევ ერთხელ ითხოვენ, დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველო-ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად. ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის ავტორობით მომზადებულ აქტში მკაფიო მოწოდებებია მოსკოვის მიმართ.