საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას

უკრაინაში შექმნილი მძიმე სიტუაცია პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა საქართველოში.

მმართველი გუნდის მთავარი გზავნილია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დიპლომატიური ძალისხმევით კიდევ ერთი ომი უკრაინის წინააღმდეგ არ უნდა დაუშვას. რუსეთის მხრიდან ლუგანსკის და დონეცკის ოლქების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ოფიციალური თბილისი 2008 წლის სცენარის განმეორებად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევად აფასებს და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. თუმცა, მსგავსი შეფასებები საკმარისი არაა ოპონენტებისთვის. ოპოზიცია ხელისუფლებას ფრთხილი პოლიტიკის გატარების გამო საყვედურობს და საერთაშორისო დღის წესრიგში უკრაინასთან ერთად საქართველოს საკითხის აქტუალიზაციისთვის მმართველ გუნდს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს. ოპონენტების პოზიციით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს საქართველოც უნდა შეუერთდეს. თავის მხრივ ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილისგან მოსალოდნელ პროვოკაციებზე იწყებს საუბარს.