მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინში მმართველი გუნდი ერთწლიან მუშაობს აჯამებს.
რა რეფორმები გატარდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის – ევროკომისიის 12 პუნქტის ფარგლებში მიღებული კანონპროექტები დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს გააცნო. პროგნოზები და შეფასებები არაერთგვაროვანია. ხელისუფლება ყველა რეკომენდაციას პრაქტიკულად შესრულებულად აცხადებს და ბრიუსელიდან დამატებით კონკრეტიკას მხოლოდ სამ პუნქტზე, მათ შორის სასამართლოს და დეოლიგარქიზაციის ნაწილზე ელოდება. სწორედ ამ ორი პუნქტის მიმართ აქვთ ყველაზე მეტი შენიშვნა ოპოზიციას და მესამე სექტორს, რომლებიც პოზიციას ევროკომისიის წინასწარი შეფასებით იმყარებენ. სასამართლოს და მედიის თავისუფლების ნაწილში დამატებით სამუშაოს ელის ევროკავშირის ელჩიც, რომელიც რეკომენდაციების გარშემო პოლიტიკოსებს ერთად მუშაობისკენ, ოპოზიციას კი კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს. იმის გამო, რომ ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფებს თავიდანვე გაემიჯნა, დღევანდელი კონფერენცია იყო პირველი შემთხვევა, როცა მმართველი გუნდი და ოპონენტი პარტიები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას ერთ სივრცეში განიხილავდნენ.