საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობამდე

წელიწადნახევრიანი მოლოდინი ისტორიული გადაწყვეტილებით დასრულდა.

გაფართოებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის კონსენსუსური შეთანხმება შედგა. კანდიდატის სტატუსი საქართველოს და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან და მოლდოვასთან – ასეთია ევროპული საბჭოს სამიტის შედეგი. მოლაპარაკებები საკმაოდ რთული იყო. მთავარ დილემას უნგრეთის პოზიცია ქმნიდა. ვიქტორ ორბანი უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნას ბოლო წუთამდე ეწინააღმდეგებოდა. საბოლოოდ უნგრეთის მთავრობის მეთაურმა გადაწყვეტილებას ვეტო არ დაადო, თუმცა ხმების დაფიქსირების დროს დარბაზში აღარ იმყოფებოდა. გაფართოების პაკეტი დამტკიცებულია – ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენიდან წელიწადნახევრის შემდეგ საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს. მანამდე იყო საკმაოდ გრძელი და რთული გზა, თავდაპირველად მხოლოდ ევროპული პერსპექტივის აღიარება, 12-პუნქტიანი დავალება და ბოლოს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია, რომელიც 14 დეკემბერს ევროპის 27 ქვეყნის ხმებით ოფიციალურად გაფორმდა.