საქართველოს ევროპული პერსპექტივა

პოზიტიური სიგნალები საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები ჩვენი ქვეყნისთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ და შესაბამისი მოწოდებით მიმართავენ ევროპის ქვეყნების ლიდერებს, რომლებმაც ივნისის ბოლოს ევროკომისიის შეფასების გაცნობის შემდეგ კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ერთობლივი განცხადების პროექტში ხაზგასმულია, რომ უკრაინის ომის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საჭიროა გაბედული მოქმედება. ორი კვირით ადრე თბილისიდან ბრიუსელში წერილიც იგზავნება. ამჯერად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის თავმჯდომარეს არწმუნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას იმსახურებს.

თარიღის მოახლოებასთან ერთად შიდა პოლიტიკური უთანხმოებაც მატულობს. ამჯერად მხარეები იმაზე ვერ თანხმდებიან, თუ ვისი დამსახურებაა ბრიუსელიდან მიღებული მხარდამჭერი გზავნილები.