აზრთა სხვადასხვაობა ევროპელ ლიდერებს შორის კანდიდატის სტატუსის გარშემო – შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატობის ნაცვლად ალტერნატიული მექანიზმები შესთავაზონ.
ეჭვებს და სკეპტიციზმს ის გზავნილები აძლიერებს, რომლებიც ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების ლიდერების მხრიდან ისმის. საფრანგეთის პრეზიდენტის შემდეგ, რომელიც ევროკავშირის მიღმა მყოფი ქვეყნებისთვის ახალი ალიანსის შექმნის მომხრეა, ინიციატივით გამოდის ავსტრიის კანცლერი. იგულისხმება ევროკავშირთან თანამშრომლობასა და წევრობას შორის შუალედური ეტაპის ინიცირება. იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ლიდერებს შორის ასოცირებული ტრიოს კანდიდატის სტატუსის გარშემო კონსენსუსი ჯერ არ არსებობს, ხელისუფლებაშიც აღიარებენ. თუმცა, გატარებულ რეფორმებზე და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით მმართველ გუნდს ივნისის ბოლოს დადებითი გადაწყვეტილების იმედი აქვს.
ევროკავშირის ლიდერებს შორის სკეპტიციზმის გაძლიერებაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს ოპოზიცია, რომელიც კანდიდატის სტატუსის ნაცვლად სხვა ალტერნატივის შეთავაზებას უკან დახევად მიიჩნევს.