დღევანდელი აქცია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატობის სანაცვლოდ წაყენებული პირველივე პირობის დარღვევაა ხელისუფლებისთვის.
საუბარია მოთხოვნაზე, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას გულისხმობს. „ქართული ოცნება“ აქციის მიღმა მხოლოდ დესტაბილიზაციის ინტერესს ხედავს. ამავე დროს მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პუნქტი წლის ბოლომდე ეტაპობრივად შესრულებული იქნება. ფაქტია, რომ ევროკომისიის პოზიციამ, ანუ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ და კანდიდატის სტატუსის მხოლოდ პირობების შესრულების შემდეგ მინიჭების რეკომენდაციამ საქართველოში პოლარიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა. ახლა ყველა ევროპული საბჭოს სამიტს ელოდება, სადაც 27-მა ქვეყანამ სწორედ ევროკომისიის რეკომენდაციის და კონსენსუსის საფუძველზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
სამი დღით ადრე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე გაკეთებული დღევანდელი განცხადებები არაერთგვაროვანი აღმოჩნდა – საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას რამდენიმე მინისტრის პოზიცია არ ემთხვევა.