გადაიწია თუ არა საქართველოსთვის მიცემული საშინაო დავალების შესრულების ვადამ – ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებამ ახალი კითხვები გააჩინა.
პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვანირად გაიგეს მიხაელ რუპის გზავნილი, რომლის მიხედვით ევროკომისიას დეპოლარიზაციის მცდელობებში საქართველოს პოლიტიკური ელიტის დაჩქარება არ სურს. თუ მანამდე ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ წაყენებული 12 პირობის შესრულების ვადად ექვსი თვე, ანუ დეკემბერი იყო განსაზღვრული, ახლა ცნობილი ხდება, რომ გაფართოების პაკეტზე ევროკომისია ანგარიშს 2023 წლისთვის მოამზადებს. ხელისუფლებისთვის ახალი თარიღის დასახელება დაძაბულობის განმუხტვის და პოლიტიკური ტემპერატურის დაწევის სურვილად განიხილება, თუმცა ოპოზიციის ნაწილისთვის ეს არის მკაფიო მინიშნება, რომ ბრიუსელი რეკომენდაციების შესასრულებლად „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ სამოქმედო გეგმას არასწორად მიიჩნევს.