ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა ბრიუსელში საქართველოს პრემიერის ვიზიტს.
ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ არ გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი კონფერენცია. ეს გარემოება ოპოზიციის ნაწილისთვის საკმარისი საფუძველია იმის დასამტკიცებლად, რომ ევროკავშირი ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის 12 პუნქტზე მუშაობით უკმაყოფილოა და გადაწყვეტილების მიღებამდე თვეებით ადრე ქვეყნისთვის სათქმელი არაფერი აქვს. მსგავსი განცხადებების მოსმენის შემდეგ ოპონენტებს დეზინფორმაციის გავრცელებაში და პრემიერის მიმართ მიზანმიმართული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს „ქართული ოცნება“. მმართველი გუნდის ლიდერები ოპოზიციას მიუთითებენ, რომ მიშელთან შეხვედრის ფორმატი პრეს-კონფერენციის გამართვას თავიდანვე არ ითვალისწინებდა. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გუშინ შეხვდა. ჯერ გაფართოებული, შემდეგ კი პირისპირ შეხვედრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების პროცესი იყო. ევროკომისიის შეფასებებზე დაყრდნობით წლის ბოლოს ხმათა უმრავლესობით სწორედ ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, ეკუთვნის თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.