საქართველოს ელჩმა უკრაინა დატოვა

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა – საქართველოს ელჩმა უკრაინა დატოვა.

უცნობია, დაუბრუნდება თუ არა გიორგი ზაქარაშვილი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოზიციას. ოფიციალური თბილისი ზელენსკის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ანუ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხზე ელჩთან კონსულტაციებს არ აპირებს. სწორედ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით საკუთარ ხელისუფლებასთან კონსულტაციების გავლის მიზნით დაატოვებინა ქვეყანა უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს, რომელიც ომის დაწყების პირველ დღეებშიც კი კიევში დარჩა და მძიმე პირობებში დიპლომატიურ მისიას ასრულებდა. როგორ აისახება ომში მყოფი ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობაზე და მივა თუ არა საქმე დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე – კიევიდან დღეს მორიგი პრეტენზია და მუქარის შემცველი გზავნილი გაისმა. პასუხად ქართული მხარე ამ ეტაპზე თავშეკავებულ პოზიციას ირჩევს. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის მოთხოვნა ოფიციალური თბილისისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებაში საკუთარი პოზიციის გადახედვას არ აპირებს.