საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრი ვაშინგტონია.
აშშ-ის დედაქალაქში მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან. მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ხვალ ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტი იხსნება. საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იქნება წარმოდგენილი. სწორედ ის არის მიწვეული სამიტზე. ახლა საინტერესოა, როგორ აისახება ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის პროცესი საბოლოო დეკლარაციაში და იქნება თუ არა უფრო კონკრეტული ფორმულირება გაწევრიანების თარიღზე. განსაკუთრებით მაღალი ინტერესია უკრაინასთან დაკავშირებით, რომელმაც ბოლო, ანუ ვილნიუსის სამიტზე ნატოში მაპის გარეშე შესვლის დაპირება მიიღო. საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, ორგანიზაციისგან გაწევრიანების შანსებზე მკაფიო გზავნილებს ელოდებიან. ცალკე თემაა უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების საკითხი. სამიტი უსაფრთხოების გაზრდილი გამოწვევების და ამერიკასა და ევროპის წამყვან ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ფონზე ტარდება. დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პარალელურად საარჩევნო სამზადისია ნატოს ლიდერ და სამიტის მასპინძელ ქვეყანაშიც – ოთხ თვეში აშშ ახალ პრეზიდენტს ირჩევს.
როგორი იქნება საიუბილეო სამიტის დღის წესრიგი და რა მოლოდინით ჩავიდა ქართული დელეგაცია ვაშინგტონში, – „მოამბე“ აშშ-დან, ანა ბროლაძე გააშუქებს სამიტს.