„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უნგრეთი იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან. ამის შესახებ იოზვიაკი ევროკავშირის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომლის ვინაობას არ ასახელებს. „საქართველოს კანდიდატის სტატუსზე კონსენსუსის მიღწევა, რბილად რომ ვთქვათ, რთული იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი სამუშაო სჭირდება ქვეყანას“, – წერს იოზვიაკი. თუმცა, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება სწორედ ის პროგრესია, რასაც ევროკომისია მედიაპლურალიზმის მხრივ ითხოვს. ამავე დროს ის აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ უნგრეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა.