საათები რჩება სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე გადამწყვეტი სხდომის დაწყებამდე.
ექვსწლიანი განხილვის შემდეგ ხვალ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საბოლოო მოსმენა უნდა გაიმართოს. საქმეზე სახელწოდებით, – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, – დიდი პალატა მხარეთა ადვოკატებს მოუსმენს, რის შემდეგაც გადაწყვეტილების მისაღებად გავა. ოფიციალური თბილისის პროგნოზები ოპტიმისტურია. ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ სასამართლო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში დამნაშავედ სცნობს.
2008 წლის 11 აგვისტოს გაგზავნილი სარჩელი ქართულ მხარეს ასეულობით მტკიცებულებით, მათ შორის გორში ჩამოგდებული რუსული ბომბის ნამსხვრევებით და ქართველი ჯარისკაცების სასტიკი მკვლელობების კადრებით აქვს გამყარებული.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი მეორე დღეა, სტრასბურგშია. სალომე ქოქიაშვილი მოგვიყვება, რას იტყვის საქართველოს წარმომადგენელი ხვალინდელ სხდომაზე და როგორია მოლოდინი.