ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ორ დღეში გაჟღერდება და კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება. ის საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. იმსჯელეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე და ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ჩამოყალიბებიდან დღემდე, აღმოსავლეთ პარტნიორობა ძლიერი მექანიზმია საქართველოსთვის, წარმატებით გააგრძელოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური დაახლოება და ამ მიმართულებით ხელშესახები პროგრესის მიღწევა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, გაძლიერებული თანამშრომლობა უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში ის ხელშესახები შედეგებია, რასაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია.