საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ბრიუსელში.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრაზე ერთ-ერთი თემა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსია, რომელსაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ელოდებიან. კითხვარის ორივე ნაწილის შევსების შემდეგ ბელგიის დედაქალაქში ჩავიდნენ პრემიერი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან, ასევე ნატოს გენერალურ მდივანთან. ევროკომისიის დასკვნამდე და ევროპული საბჭოს ერთობლივ გადაწყვეტილებამდე პირველი დიპლომატები კონკრეტული შეფასებებისგან თავს იკავებენ, თუმცა წინასწარი მხარდამჭერი განცხადებები ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს. ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ საჭიროა ასოცირებული ტრიოს, ანუ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება უკრაინაში მიმდინარე ომის და რუსეთიდან გაზრდილი საფრთხეების ფონზე.
„მოამბე“ ბრიუსელიდან, – ანა ბროლაძე აშუქებს ევროკავშირში მიმდინარე შეხვედრებს.