ერთი დღე ევროპული საბჭოს ისტორიულ სამიტამდე.
საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას ელის. ევროპის ქვეყნების ლიდერები კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმებისთვის ემზადებიან. მოლაპარაკებები რთული იქნება, რადგან უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას უნგრეთი ისევ ეწინააღმდეგება. სამიტამდე გამართულ შეხვედრებზე ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიციის შეცვლა ვერ მოხერხდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს კომპრომისებისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ სამიტზე კოლექტიური პასუხისმგებლობით იმოქმედონ. საქართველოსთან დაკავშირებული მოლოდინები საკმაოდ ოპტიმისტურია. ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გარდა ამ ოპტიმიზმს ევროპელი მინისტრების განცხადებები და ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული რეზოლუცია აძლიერებს. საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს – ასეთია ევროპარლამენტის მოწოდება ევროპული საბჭოსადმი.