ისტორიული დღე და ახალი ეტაპი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ ერთსულოვნად მიიღო. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გუშინ საღამოს, საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერით “ გვამცნო. ამასთან, გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ასევე, ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს. საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გვიან ღამემდე ზეიმობდნენ მოქალაქეები და ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდნენ. ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი.