საქართველო-ევროკავშირი - ერთობლივი განცხადება

ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, – ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ განცხადებაში წერია.

ტექსტში ვკითხულობთ, რომ ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი საგარეო არჩევანი და საერთო მიზანი, გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კანონის უზენაესობისა და პენიტენციურ სფეროებში რეფორმების განხორციელების კუთხით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ევროკავშირმა მოუწოდა მხარეებს მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გადაწყვეტისკენ, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და გაერთიანება საერთო მიზნების იდენტიფიკაციისა და შეთანხმების ირგვლივ.