ჩინეთი საქართველოში ინვესტიციების ზრდით არის დაინტერესებული. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომლითაც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პირველი დღე დასრულდა.
ჩინეთის მხრიდან მსგავსი რანგის სტუმარი ჩვენს ქვეყანაში ბოლო 23 წლის განმავლობაში პირველად იმყოფება. პრემიერთან, პრეზიდენტთან და ქართველ კოლეგასთან შეხვედრების შემდეგ, ჩინეთის პირველი დიპლომატი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრობს. მისი, როგორც მსოფლიო ეკონომიკაში სიდიდით მეორე ქვეყნის პირველი დიპლომატის განცხადებები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.