სარაგბო მატჩი თბილისში, ავჭალის სტადიონზე დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ.
ბორჯღალოსნებმა სათამაშო უპირატესობა პირველსავე ტაიმში მოიპოვეს და უკვე მე-14 წუთზე ანგარიშით 7:0 დაწინაურდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა საპასუხო ლელოს დადება და ანგარიშის შემცირება (7:5) მოახერხეს, მოედანზე მაინც საქართველოს ნაკრები დომინირებდა და ჩვენმა მორაგბეებმა შესვენებამდე კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს – 12:5.
მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ქართველებმა ტემპს უმატეს. გარდა ამისა, ესპანეთის ნაკრების ორმა მოთამაშემ ყვითელი ბარათი მიიღო და რამდენიმე წუთის განმავლობაში სტუმრები მოედანზე ცამეტნი იყვნენ.
64-ე წუთზე ქართველებმა კიდევ ერთხელ აიღეს მეტოქის ჩათვლის მოედანი, რასაც გამოუყენებელი გარდასახვა მოყვა და ანგარიში 17:5 გახდა, 71-ე წუთზე კი გრიგორ ქერდიყოშვილმა გამოიჩინა თავი და – 24:5.
როდესაც მატჩის დასრულებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა, ესპანელებმა პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხეს და საბოლოოდ, მატჩი 24:10 დასრულდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.