არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა გუშინდელი ღამე.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. დაკავებულია კიდევ 66 ადამიანი. საღამოს ოთხ საათზე დაწყებული საპროტესტო გამოსვლა დილის შვიდი საათისთვის დასრულდა. პარლამენტის წინ ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ხელისუფლებისთვის კანონპროექტების უკან გასაწვევად მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ გიორგი ვაშაძემ ადგილზე შეკრებილებს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებისკენ და შენობისთვის ალყის შემორტყმისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა პარლამენტის შენობისკენ აალებადი საშუალებების და სხვადასხვა ნივთის სროლა დაიწყო, გაარღვიეს რკინის ჯებირიც. სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდეგ აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ადგილზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტების მხრიდან მოეწყო ხელოვნური ბარიკადებიც. სწორედ პარლამენტის პიკეტირებისკენ მოწოდების გამო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი დანარჩენი ოპოზიციის და ყოფილი სახალხო დამცველის კრიტიკის სამიზნედ იქცა. ვაშაძის მოწოდებამ უკმაყოფილება გამოიწვია აქციის მონაწილეებს შორისაც.