საპროტესტო აქციები მოლდოვაში

საპროტესტო გამოსვლები არ წყდება მოლდოვაში.

პოლიტიკური პარტია „შორი“ მხარდამჭერებთან ერთად მთავრობისგან მოსახლეობის მიერ ზამთრის განმავლობაში დაგროვილი დენისა და ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრეზიდენტ მაია სანდუს გადადგომისკენ მოუწოდებენ. ხელისუფლება აქციების უკან რუსეთის კვალს და დესტაბილიზაციის მიზნებს ხედავს. ანალოგიური პოზიცია აქვს ვაშინგტონსა და ბრიუსელსაც. სწორედ რუსეთთან კავშირში სდებს ბრალს ოფიციალური კიშინიოვი გუშინდელი აქციების დროს დაკავებულთაგან შვიდ ადამიანს. თავის მხრივ დემონსტრანტები მთავრობას საპროტესტო მუხტის ჩახშობაში და აქციის მონაწილეთა მიმართ რეპრესიებში ადანაშაულებენ. ევროკავშირი გეგმავს, რომ მოლდოვაში სამოქალაქო ექსპერტების მისია გაგზავნოს, რომელიც მოლდოვის მთავრობას რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებთან გამკლავებაში დაეხმარება.