აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა, ბულინგი – სამდღიან საპროტესტო აქციას დაზარალებულები ჰყავს მედიის წარმომადგენლების სახითაც.
რამდენიმე ფაქტი გამოძიების საგანი ხდება. აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფების მხრიდან აგრესიული ქმედებების სამიზნე გახდა ტელეკომპანია „იმედის“ კორესპონდენტი, რომელსაც პირდაპირი ჩართვის დროს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. ანალოგიურ ტაქტიკას მიმართა დემონსტრანტების ჯგუფმა „პოსტ-ტვ“-ის რეპორტიორის მიმართაც, რასაც წინ აქციის ტრიბუნიდან გაჟღერებული შესაბამისი მოწოდება უძღოდა. ფაქტია, რომ საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორებისთვის მიუღებელი მედია-საშუალებების თანამშრომლები ბულინგის, სიძულვილის ენის და აგრესიული გამოვლინებების მსხვერპლი გახდნენ. ამ ფაქტებთან ერთად გამოძიების საგანი ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. ონლაინ-გამოცემების – „პუბლიკას“, „ტაბულას“ და „აპრილის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მათ თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. ძიება პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების მუხლით დაწყებულია. სახალხო დამცველისგან განსხვავებით, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკოსების გამოხმაურება შერჩევითი აღმოჩნდა.