საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადასული ოპოზიცია, სამოქმედო სტრატეგიის შეცვლას არ აპირებს.
სახელმწიფო შენობების პიკეტირება და აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება საარჩევნო სისტემის შეცვლის დაპირებას არ შეასრულებს. შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების ოპონენტები გამოსავალს ე.წ. გერმანულ მოდელში ხედავენ, რომელიც მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას, თუმცა ხმების პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.
მმართველი გუნდი საარჩევნო კუთხით კონსტიტუციაში ცვლილებებს გამორიცხავს და ოპონენტებს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკის და ბრალდებების მთავარი სამიზნე ისევ ყოფილი მმართველი პარტიაა, რომელსაც დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.