დაკავებული პოლიციელები, მწვავე განცხადებები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია
მასობრივმა პროტესტმა გარკვეული შედეგი გამოიღო. ჯორჯ ფლოიდის საქმეზე, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, კიდევ სამი პოლიციელი დააკავეს.
საუბარია იმ სამართალდამცავებზე, რომლებიც თავდაპირველად სამსახურიდან გაშვებით დასაჯეს. ვნებათაღელვა მაინც არ ცხრება. „კოვიდ 19“-ის პანდემიის და ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, დემონსტრანტები რასიზმის დასაგმობად საპროტესტო გამოსვლებს მაინც არ წყვეტენ. გრძელდება ძალადობის ფაქტებიც. მთავარი მოთხოვნა – სისტემური ცვლილებებია.
პროტესტის მონაწილეები არღვევენ კომენდანტის საათის წესებსაც.
ფლოიდის სიკვდილის გამო დემონსტრაციები არ წყდება ევროპის ქვეყნებშიც. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ათენში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ აქციის დასაშლელად ცრელმსადენი გაზიც გამოიყენეს. „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, „მე ვეღარ ვსუნთქავ“ – ასეთია დემონსტრანტების მთავარი სლოგანი.