„ერეკლე ჩვენი სიამაყეა! ვიცავთ ჩვენს მეფეს და ისტორიას!“– ამ ლოზუნგით თელავში, ერეკლე მეორის სასახლის წინ სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო მოხელეები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. აქციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის, ლევან ბერძენიშვილის განცხადება გააპროტესტეს, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში ერეკლე მეფეს მოღალატე უწოდა, რის გამოც ბერძენიშვილი ეროვნული ცნობიერების შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულეს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქართლ-კახეთის მეფის მმართველობა თითოეული ქართველისთვის საამაყო უნდა იყოს და ის დაცინვის ობიექტი არ უნდა გახდეს. თელავში გამართულ აქციის მონაწილეებს სხვა რეგიონებიდან ჩამოსული საზოგადოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.