საპროტესტო აქცია თბილისში

გმირთა მოედანზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, საავტომობილო მოძრაობა გვიან ღამით გაიხსნა. შეკრებილებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ სამართალდამცველებმა მოუწოდეს და განუმარტეს, რომ მათი რაოდენობა გზის გადაკეტვის საჭიროებას აღარ წარმოადგენდა. მოწოდებას მცირე დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა, საბოლოოდ დემონსტრანტებმა ტერიტორია დატოვეს. ამის შემდეგ მომიტინგეთა ნაწილმა გმირთა მოედნიდან მსვლელობით ისევ პარლამენტთან გადაინაცვლა. აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან გაგრძელდა, თუმცა დაახლოებით ერთი საათში, შეკრებილებმა მიტინგი დასრულებულად გამოაცხადეს.

აქციის მონაწილეების ნაწილმა „გმირთა მოედანზე“ შეკრება 19:00 საათიდან დაიწყო და მალევე საავტომობილო გზა გადაკეტა. სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, რომ მოქალაქეთა რაოდენობის გათვალისწინებით, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი არ ჩაეკეტათ, შეკრებილები მოწოდებას არ დაემორჩილნენ, რის შედეგადაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით „გმირთა მოედანზე“ მყოფ მომიტინგეებს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ.

საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო ესტაკადაზე, ასევე ვარაზისხევის, „ლაგუნას ვერეს“, „თამარ მეფისა“ და „კოსტავას ქუჩის“ მიმართულებითაც. მოქალაქეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ, ამასთან, შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ტოტალური დაუმორჩილებლობა გამოცხადდეს იქამდე, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არ გაიწვევენ.