გვიან ღამით დასრულდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია პარლამენტის შენობასთან. „დაფიონის“ და „ჯიუტის“ მიერ ორგანიზებული გამოსვლების მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული სადავო კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნით ისინი ბოლო რამდენიმე დღეა იკრიბებიან და და ფეხით მსვლელობებს აწყობენ. ისმის სხვა მოთხოვნებიც. აქციის მონაწილეებმა გუშინ საკანონმდებლო ორგანოდან მსვლელობით გადაინაცვლეს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც სამართალდამცველებს კორდონი ჰქონდათ გაკეთებული. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან ახლოს მისვლას ითხოვდნენ, რის საშუალებასაც მათ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევდნენ. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს. სანამ აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტთან მივიდოდა, სტუდენტები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით სასტუმრო „ტიფლის პალასთან“ მივიდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ სასტუმროში ტარდებოდა კონფერენცია, რომელსაც რუსეთიდან ჩამოსული პირები ესწრებოდნენ. პროტესტის მონაწილეებმა სასტუმროს კვერცხები ესროლეს. საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება.