საპროტესტო აქცია - საერთაშორისო გამოხმაურება

მწვავეა საერთაშორისო გამოხმაურება.

სტრატეგიული პარტნიორებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რეაქციები და ტონი ყოველდღიურად სულ უფრო მკაცრდება. მოწოდებები იდენტურია – უცხოელი პარტნიორები მმართველ გუნდს ორივე კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ სადავო ინიციატივები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას დააზიანებს. შეშფოთებას გამოთქვამენ რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების გამოც და ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებენ. საკმაოდ მწვავეა ევროპარლამენტართა ნაწილის გზავნილები.

„ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებს არწმუნებს, რომ ინიცირებული პროექტები არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ დაფინანსების გამჭვირვალობას ისახავს მიზნად და არა შეზღუდვებს. ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის ბრალდებებს მმართველი პარტია რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილად აცხადებს და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების მთავარ არგუმენტად სადავო ინიციატივების ვენეციის კომისიაში გაგზავნა მოჰყავს.

ორივე პროექტი კომისიაში რამდენიმე საათის წინ გაიგზავნა.