„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ პროექტის“ წინააღმდეგ რეგიონებში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მდუმარე აქცია გაიმართა ფოთში. აქციის მონაწილეები სიმბოლურად 8 აგვისტოს მემორიალთან შეიკრიბნენ და სანთლები აანთეს, მოგვიანებით კი, 9 აპრილის მემორიალამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. მათი განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.
საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისშიც, მესხიშვილის თეატრის შენობის წინ, სადაც აქციის მონაწილეები მმართველ გუნდს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეების თქმით, კანონპროექტი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აშორებს.