„ნამახვანჰესების“ კასკადის მოწინააღმდეგეები უკვე იკრიბებიან ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, სადაც აქცია 13 საათზე უნდა დაიწყოს. პროტესტის 141-ე დღეს, მოთხოვნებს კიდევ ერთი – ეკონომიკის მინისტრის გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. რიონის მცხოვრებთა ნაწილი ხელისუფლებისაგან ითხოვს შეაჩერონ მშენებლობა. ასევე აცხადებენ, რომ თურქულმა კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. ეკონომიკის მინისტრი კი აცხადებს, რომ მზად არის „ნამახვანჰესის“ საკითხზე რიონის ხეობის მცველებს კიდევ ერთხელ შეხვდეს. ნათია თურნავა ამბობს, რომ დიალოგს მიესალმებიან თემაზე, თუ რა სახის ცვლილებები უნდა შევიდეს პროექტში და ასევე რა საკითხებზე მიაღწიეს შეთანხმებას კომპანიასთან. მინისტრი განმარტავს, რომ მათ უკვე გაახმოვანეს გადაწყვეტილებები, რომელიც კვლევებსა და კაშხლის მშენებლობის გადადებას, ასევე ხეობის განვითარების ფონდის შექმნას, დირექტორად ქართული მხარის წარმომადგენლის დანიშვნას და ასევე, საზედამხედველო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.
მოამბე