ევროპის მარში – ამ სახელწოდებით, დედაქალაქში აქცია-მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისის ოთხ ლოკაციაზე – მეტროსადგურ „300 არაგველთან“, მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ. ადგილზე მოწყობილი იყო სპეციალური სცენა, სადაც აქციის მონაწილეებს გამომსვლელებმა სიტყვით მიმართეს. გაიმართა კონცერტიც. მთავარ მოთხოვნად ისევ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა რჩება.
აქცია-მსვლელობაში მონაწილეობდნენ პოლიტიკოსებიც, რომლებმაც გუშინ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საკანონმდებლო პროექტში ცვლილებებს არ განიხილავენ და ერთადერთი გამოსავალი კენჭისყრისას აღნიშნული კანონპროექტის ჩაგდებაა.