საპროტესტო შეძახილები, კვერცხები და ბოთლები – ასე დახვდნენ ბათუმში სოჭიდან შემოსულ საკრუიზო ლაინერს. ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის, „ასტორია გრანდეს“ გაჩერება ხმაურის, დაპირისპირებისა და პოლიტიკური ვნებათაღელვის ახალ თემად იქცა. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე. მოქალაქეებმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, პორტთან შეკრება ლაინერის შემოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინა ნავსადგური ხომალდს, სადაც რუსეთის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა.
მმართველი გუნდი გოგებაშვილის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციად და ტურიზმის განვითარების ხელშეშლის მცდელობად აფასებს. ყოფილ მმართველ პარტიას აგვისტოს ომიდან მალევე ლარსის საზღვარზე რუსი ტურისტების დაპატიჟების ფაქტები დღეს კიდევ ერთხელ გაახსენეს.