საპროტესტო აქცია ბათუმში

დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა ბათუმში სამი დღის წინ გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლების საპროტესტო აქცია.

აქციის მონაწილეები ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. მათ ბათუმის რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა თამარის დასახლებაში, სადაც ქალაქში მთავარი შესასვლელი გადაიკეტა.

სამართალდამცველების მცდელობას, გაეთავისუფლებინათ ცენტრალური ავტომაგისტრალი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის ერთი მონაწილე ცუდად გახდა და ის ახლობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვლილის ახლობლებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილიც შეხვდა, რომელმაც შემთხვევის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის სწრაფად გამოძიების პირობა დადო, თუმცა აქცია მანამდე არ შეწყდა, ვიდრე რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა ეკა ფუტკარაძემ, ვის მიმართაც ძირითადი პრეტენზიები ისმოდა, თავად არ მიიღო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ.

გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ექსპერტიზისა და გამოძიების შედეგებს დაელოდებიან.

29 წლის მელანო ფუტკარაძე ბათუმის მედცენტრში მწვავე აპენდიციტით გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.