რამდენიმე საათში აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდება.
ამერიკა დღეს პრეზიდენტს ირჩევს. ხმის მიცემის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ახლა მთავარი შვიდი ე.წ. მერყევი შტატიდან მიღებული მონაცემებია, რომლებმაც დიდწილად არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა განსაზღვროს. სწორედ ამ შტატებში გამართეს ამომრჩევლებთან ბოლო შეხვედრები კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა. ვინ გახდება აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი – პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან ბოლო მომენტამდე სოციოლოგიურ გამოკითხვებში საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებს შორის საკმაოდ მცირე სხვაობა იყო. საბოლოოდ გამარჯვებულს 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგია გამოავლენს, სადაც თითოეულ შტატს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს. გამარჯვებისთვის კოლეგიის მინიმუმ 270 ხმა არის საჭირო. მოქალაქეების ნაწილმა ხმის წინასწარ მიცემის უფლებით ისარგებლა. მწვავე რიტორიკა, თავდასხმები, საარჩევნო ყუთების დაწვა – წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბული იყო. „რესპუბლიკელების“ კანდიდატი „დემოკრატებს“ არჩევნების გაყალბებაში სდებს ბრალს.