საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

აშშ-ში დღეს 47-ე პრეზიდენტს აირჩევენ. ერთმანეთს რესპუბლიკური პარტიიდან ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და დემოკრატიული პარტიიდან – ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან. აშშ-ის საარჩევნო სისტემაში გადამწყვეტია საარჩევნო კოლეგია, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა მოსახლეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, კალიფორნიას კოლეგიაში 55 ხმა აქვს. სულ საარჩევნო კოლეგიაში 538 დელეგატია, ხოლო არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა 270 ხმა უნდა მოიპოვოს. ხმის მიცემის უფლება 160 მილიონზე მეტ ამერიკელს აქვს და მოსალოდნელია მაღალი აქტივობა, რომელმაც შესაძლოა გადააჭარბოს 2020 წლის რეკორდულ მაჩვენებელს. არჩევნებში უკვე მიიღო მონაწილეობა 78 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა. რამდენიმე შტატმა ადრეული ხმის მიცემის პროცესში აქტივობის რეკორდი დაამყარა. როგორც ვარაუდობენ, არჩევნების ბედს შვიდი ე.წ. მერყევი შტატი განსაზღვრავს, რომლის შედეგებიც არაპროგნოზირებადია.