დონალდ ტრამპი თუ ჯო ბაიდენი – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულის ვინაობა ამ დრომდე გარკვეული არ არის. არსებული მონაცემებით, „დემოკრატიული პარტიის“კანდიდატს, ჯო ბაიდენს ამორჩეველთა კოლეგიის მეტი ხმა აქვს, ვიდრე მოქმედ პრეზიდენტს. 41 შტატის პირველადი მონაცემებით, ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 238 ხმა მოიპოვა, დონალდ ტრამპი კი – 213 ხმას ფლობს. უისკონსინის შტატში დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. უისკონსინი საარჩევნო კოლეგიაში 10 ხმით არის წარმოდგენილი და ერთ-ერთ საკვანძო შტატად მოიაზრებოდა, სადაც ამ დრომდე მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ლიდერობდა. ნევადას შტატში ხმების დათვლის პროცესი 5 ნოემბრამდე უკვე შეწყდა. წინასწარი მონაცემებით, დათვლილია ხმების 67 პროცენტი და ამ ეტაპზე მცირე უპირატესობით ლიდერობს ჯო ბაიდენი.
არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა კოლეგიის სულ მცირე 270 წევრის ხმა მოიპოვოს. საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების გამარჯვებას ე.წ. გადაუწყვეტელ შტატებში ჩატარებული არჩევნების შედეგები გადაწყვეტს. აღნიშნულ შტატებს შორის არის: ჯორჯია, პენსილვანია, მიჩიგანი და ჩრდილოეთ კაროლინა, სადაც წინასწარი შედეგებით, დონალდ ტრამპი ლიდერობს. თუ ამ შტატებში ტრამპი გაიმარჯვებს, ის პრეზიდენტის თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს.