საპატრიარქოს უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტების გახსნა იგეგმება. სასწავლო პროგრამები მუშავდება კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსურ-ეკონომიკური მიმართულებებით, – ამის შესახებ პირველ არხს ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა მეუფე იაკობმა განუცხადა.
საპატრიარქოს უნივერსიტეტის სახელით, მეუფე იაკობი ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ახლადგახსნილ ფაკულტეტებზე ლექციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა პროფესორებმა წაიკითხონ.
მეუფე იაკობის ინფორმაციით, შეხვედრების ორგანიზებაში, აშშ-ში საქართველოს საელჩო და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა არიან ჩართულნი.